საზოგადოება
ჰიპოკრატეს ფიცის შესრულებისთვის დასჯილი ექიმი
ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საინფორმაციო სააგენტო www.qartli.ge - ს ინფორმაციით,  ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ.

14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს.

,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.

ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge-სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად გრძნობს.

,,გორმედისა" და ჰოსპიტლის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ახსენებენ, რომ ექიმებისთვის საზღვრები არ არსებობს. ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა.

9 ნოემბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი თბილისიდან სამთავისის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 15 საათზე სოფელ სამთავისთან ჩამოვიდა, სადაც პაციენტის ახლობელი დახვდა. ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება.

13 ნოემბერს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი თანხმლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული სოფლები - თვაურები, კოდისწყარო, სარიბარი და ყარაფილა ემიჯნება.

9 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, რასაც 11 ნოემბერს კიდევ ორი მოქალაქე, მწყემსები ზადიშვილი და ტუხიაშვილი (კოდისწყაროელები) დააკავეს. კოდისწყაროში ამბობენ, რომ მანამდე ასეთი გაძლიერებული ,,პატრულირება" რუს სამხედროებისგან მანამდე არ შეუნიშნავთ.

ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, მძიმედ დაშავდა პედაგოგი თამარ გიგაური. მისი ახლობლები თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა გამშვებ პუნქტზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პაციენტი თბილისის მიმართულებით არ გაატარეს. თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
| Print |