საზოგადოება
პოლიციელებს ახალგაზრდები და ბიზნესმენები ტყეში აჰყავთ და ბოთლებს თავში ურტყამენ - საკრებულოს დეპუტატი


ახალციხის საკრებულოს წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა, ახალციხის პოლიციის თანამშრომლების მიერ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საჯაროდ ისაუბრა. პროკურატურის თანამშრომლებისა და მოსახლეობის შეხვედრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველები ახალგაზრდებს და ბიზნესმენებს უსაფუძვლოდ ავიწროვებენ, მნიშვნელოვანი საქმეები კი გამოუძიებელი რჩება.

"ქუჩაში ბიჭები მანქანაში ჩააჯინეს, ხელის დარტყმაც იყო, აიყვანეს ტყეში, ბოთლი თავში ჩაარტყეს, ეს არ არის დისკრიმინაცია? როგორც ვიცი, ამ ბიჭების სასამართლო იყო და გაამართლეს, პოლიციას მტკიცებულება არ ჰქონდა. ამ კუთხით პროკურატურას სამუშაო ბევრი აქვს. ვისაც საჭიროა პოლიცია არ იჭერს და ვისაც არ არის საჭირო, ბავშვებს და ახალგაზრდებს ძალიან ამწარებენ.

ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს კანონით. მაგრამ არის თემები, რამდენი საქმეებია, რომლებიც ორი წლის წინ მოხდა და ამ დრომდე გახსნილი არ არის. მაგალითად, მანქანების საკითხი. პოლიციამ მე უფრო მეტი ზარალი მომაყენა, მანქანა დღეს ისევ საჯარიმოზე დგას. რეაგირება ამ კუთხით არ არის, მაგრამ როცა ახალგაზრდები ქუჩაში ცოტა ღიმილით არიან, მანქანაში აჯენენ და ტყეში ბოთლებს თავში ურტყამენ".


ბაბოიანის თქმით, სამართალდამცველების საქციელით მოსახლეობასთან ერთად, დეპუტატებიც უკმაყოფილო არიან.

"ჩემი და კოლეგების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქალაქის პოლიციელები არ იქცევიან სწორად. მიხედონ საკითხებს, რომლებიც კრიმინალს, დისკრიმინაციას და ყაჩაღობას ეხება. რა უნდათ ბავშვებისგან და ბიზნესმენებისგან, რომ აჯენენ მანქანაში, ტყეში მიჰყავთ და ბოთლებს ურტყამენ თავში, არ არის სწორი. სარგებლობენ თავიანთი თანამდებობებით. ხვალ-ზეგ ამას შეიძლება ცუდი რაღაცები მოჰყვეს. როცა ამომრჩეველს ვხვდებით, ვეუბნებით, რომ პოლიცია და პროკურატურა საჭიროა, ყველა უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ რა უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა პოლიციისგან, როცა პირიქით აკეთებს"?

"ეს გამოსაკვლევი საკითხია" - უპასუხა დეპუტატს ახალციხის რაიონულმა პროკურორმა დავით ჯინჭველაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მეცხრე არხმა" ამბარცუმ ბაბოიანს მის მიერ დასახელებულ ფაქტებზე ჰკითხა. დეპუტატმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

„პოლიციასთან რაც მქონდა, ეგ უკვე ვთქვი. რაც მინდოდა უკვე ვუთხარი შეხვედრაზე“.


შსს-ში ამბობენ, რომ მოქალაქეების ასეთ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და პროკურატურაში გადაგვამისამართეს. 

„აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია მოკვლევა სამცხე- ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი დაბარებულია გამოკითხვაზე“, - გვითხრეს პროკურატურაში.
| Print |