საზოგადოება
ახალციხეში ცხრა ქუჩას წყლის მიწოდება ისევ შეუწყდა

 

მეორე დღეა, ქალაქ ახალციხის ცხრა ქუჩას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. კოსტავას, თაყაიშვილის, დიდიმამიშვილის, მესხეთის, მებაღიშვილის, თაბუკაშვილის, გორგასლის, წერეთელისა და რუსთაველის ქუჩებზე, წყალი დღესაც შეწყდა. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ 1 317 აბონენტი წყლის გარეშე 18:00 საათამდე იქნება.

მიზეზი დანიელაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიაა. ქალაქის პარკში ცენტრალური მილი გუშინ, 26 ნოემბერს გასკდა. დაიტბორა პარკის მცირე ნაწილი. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლები მისშეკეთებაზე მუშაობენ.


„წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღვადგინეთ, დროებითი მილი მივაერთეთ. დღეს დილიდან ისევ დავკეტეთ და ვიწყებთ მილის ექვსმეტრიანი მონაკვეთის შეცვლას. საკმაოდ სერიოზული დაზიანებაა, კოროზირებულია მილი. დღეს რომ ვერ გავაკეთოთ, საღამოს ისევ დროებით მილს მივაერთებთ და სისტემაში წყალს შევუშვებთ. მაგრამ ვბფიქრობთ, რომ დღეს სრულად დასრულდება“, -
გვითხრა "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.

| Print |