საზოგადოება
სოფელ ფერსაში სამ მოქალაქეს მიწას იძულებით ჩამოართმევენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში უშანგი აფციაურს, შალვა ჯეირანაშვილსა და ჯიმშერ გოგოლაურს, მიწის ნაკვეთებს იძულებით ჩამოართმევენ. ტერიტორიის გამოსყიდვაზე მათთან შეთანხმება სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ვერ შეძლო.

ადგილობრივების ნაკვეთზე "ახალციხე-ბათუმის" 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. პროექტის ფარგლებში არაერთი მოსახლის კუთვნილი მიწა მოექცა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ამბობენ, რომ პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთებისთვის, საკომპენსაციო თანხა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განსაზღვრეს.

„მესაკუთრეებს მიეცათ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. რამდენიმე მესაკუთრესთან ვერ მოხერხდა შეთანხმება გამოსყიდვასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით“, - გვითხრეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. პრესსამსახურის ინფორმაციით, იძულებით ჩამორთმევის მიუხედავად, მიწის მესაკუთრეებს გადაეცემათ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა.

მშენებელმა მეპატრონეებს ერთ კვ.მ. მიწის ფართობზე 38 თეთრი შესთავაზა, სამი ოჯახი ამ ფასს არ დათანხმდა. ფერსელები მიიჩნევენ, რომ ნაკვეთის ფასი ძალიან დაბალია. 

,,ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება. მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულდეს. მასზე დაახლოებით, 37 მლნ. დოლარი იხარჯება. პროექტის მიზანია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების - „შუახევის“ და „კორომხეთის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება და ექსპორტი.

ფერსაში მიწებს არ თმობენ, სახელმწიფო იძულებით ჩამორთმევაზე მუშაობს
| Print |