საზოგადოება
სოფელ ყარათუბანში ორი სახლი დაიწვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში (იმერთუბანში) ორ ოჯახს საცხოვებელი სახლი დაეწვა. კუბლაშვილებთან ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ცეცხლი ერთი სახლიდან გვერდით, მეორე სახლზე მალევე გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე სახლი ნივთებიანად ერთად, სრულად დაიწვა.

„ორივე ძველი სახლი იყო, ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. მარტო ცხოვრობს ბიჭი, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ტელევიზორს უყურებდა გვიანობამდე და სავარაუდოდ, ჩართული დარჩა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სახურავში, გაყვანილობიდან გაჩნდა. ეძინა ამ ბიჭს, გააღვიძეს და გამოიყვანეს, მაგრამ ცეცხლი მეორე სახლზე გადავიდა. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა, სხვაგან გადავიდა ოჯახი, აქ კი მაღაზიას ამუშავებდნენ“, - ამბობს მერის წარმომადგენელი გორგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ზოია გახოკიძე. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობდა. იყო საშიშროება, ცეცხლი მესამე სახლზე გავრცელებულიყო. ხანძრის ლოკალიზება 35-მდე მეხანძრე-მაშველმა შეძლო.
| Print |