საზოგადოება
1-ლი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება
2020 წლის პირველი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ.

აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბასად.

მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
| Print |