საზოგადოება
Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი გააუქმა

 

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა" - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება რეკლამას, ორგანიზაციის ცნობით, $316 000-ია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის. 

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა. ორგანიზაცია ადასტურებს Facebook-ის შეფასებას, რომ ეს გვერდები მუშაობდა საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და საზოგადოებრივი უთანხმოების საგნად ქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ისეთ მასალებს ავრცელებდა, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდა საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.

DFRLab-ის ცნობით, Facebook-ის მიერ გაუქმებული ანგარიშები მოიცავდა ისეთ გვერდებს, რომლებიც ფოკუსირებული იყო რელიგიაზე, სენსაციურ ახალ ამბებზე და კიდევ უფრო მარტივად, მიმების გავრცელებაზე. გაუქმებული გვერდების გამომწერების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში ისეთი მცირე იყო, როგორიც 400-ია, ზოგ შემთხვევაში კი 11 000-მდეც აღწევდა. 

DFRLab-მა მათზე დაკვირვების შედეგად გააანალიზა, რომ უმრავლეს შემთხვევებში ეს გვერდები ცდილობდნენ, საკუთარი თავი ახალი ამბების სააგენტოებად შეეფუთათ. ამისთვის ისინი შემდეგნაირ სახელწოდებებს იყენებდნენ: Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge და OnTime.ge. 

"მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდების სათაურები URL მისამართების მსგავსად გამოიყურება, არცერთი მათგანი Facebook-პლატფორმის მიღმა დამოუკიდებელი ვებსაიტი არ არის. ბევრ შემთხვევაში გვერდები ივანიშვილს წარმოაჩენდნენ, როგორც ქველმოქმედ ადამიანს, რომელიც საქართველოს იცავს,"- წერს DFRLab-ის კვლევაში.

 

| Print |