საზოგადოება
ახალციხეში, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება
ახალციხეში, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 25 დეკემბერს, 12:00 სთ, ახალციხის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან ახალციხეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. 

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემებერს, წელიწადი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოაცხადა.

13 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია, ახალციხეში, ადვოკატებმაც გამართეს. „ექიმები საზღვრების გარეშე", „ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ამ ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ახალციხის ცენტრში ადვოკატები. 12-მა უფლებადამცველმა ექიმ-ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობა მდუმარე აქციით გააპროტესტა და დაკავებული გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

უფრო ადრე, 13 ნოემბერს, ,,თეთრი ხალათების" აქცია ახალციხელმა ექიმებმაც გამართეს და დუმილით ოკუპანტების გადაწყვეტილება გააპროტესეტეს.
| Print |