საზოგადოება
სამი თაობის მესხური ოდა - ახალი წელი ჭობარეთში (ვიდეო)
ჭობარეთში, ჯვარიძეების ოჯახში ახალ წელს მესხური ტრადიციით ითენებენ. ცხვრის ფორმის ნამცხვარი, ქადა, ტენილი ყველი, ტყლაპი, კაკალი, ჰალვა და სანთელი საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია.

ჯვარიძეებში ოდის გვერდით ფურნე დილიდან აინთო. ქალებს ბევრი რამ აქვთ გამოსაცხობი - მრგვალი პური, ქადა, ხაჭაპური, ბასილას პური, ნაზუქი და სომინი. ცხობის პარალელურად ნამცხვარი მზადდება და ხინკლის ცომი იზილება.

ძველ მიწურებსა და მაღალბანიან ოდასახლებში ახალ წელს რამდენიმე თაობა ერთად ხვდებოდა. ,,საქვეებს“ შორის გაშლილ საახალწლო სუფრაზე შემობრძანებულ ახალ წელს ოჯახის უფროსი ლოცავდა.

ამის შემდეგ ოჯახის წევრები ერთმანეთს ტკბილეულით ულოცავდნენ, ხოლო მძინარე პატარებს კაკალსა და ნუგბარს საწოლში უყრიდნენ.

ახალი წლის შემობრძანების შემდეგ, დილით ოჯახის უფროსი ადრე დგებოდა. პირუტყვს თივას შეუტანდა და ბაგაში ტკბილეულს უყრიდა. პატარებს კი ლოგინშივე ერთ კოვზ თაფლს მიართმევდა სიტყვებით - ,,ასე ტკბილად დამიბერდით“ .

ოჯახში შესულ მეკვლეს სკამზე ხორბლით ან ქერით სავსე ,,თორბას“ დაუდებდნენ, რომელიც წასვლისას ბოსელში უნდა გაეტანა და ქათამ-ბატისთვის დაეყარა. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეს კარგი ფეხი თუ ექნებოდა, იმ წელს ოჯახს კრუხ-წიწილა და ბავშვი ბევრი ეყოლებოდა.

უფროსების შემდეგ ბავშვების ჯერი დგება. ჯვარიძეების ოჯახში მთავარი სადღეგრძელო სამშობლოს ეძღვნება, პატარებიც საქართველოს უმღერიან.

ჭობარეთში ცდილობენ, ტრადიცია არ დაკარგონ, თუმცა სიახლეებსაც არ უვლიან გვერდს. ახალი წლის დადგომამდე მესხური ოდის სანახავად სოფელში ასულ იტალიელ ტურისტებს საუკუნოვან შენობებს აჩვენებენ და უძველეს ტრადიციებს აცნობენ.

ოჯახიდან გასულ სტუმრებს მასპინძელი მხოლოდ ერთს სთხოვს - ,,სულ კარგი აკეთეთ“.

შეიძლება, დაგაინტერესოთ:

იცნობ თუ არა მესხეთის საახალწლო ტრადიციებს?

საახალწლო ტრადიციები მესხეთში

განსხვავებული საახალწლო ტრადიციები მესხეთში

საახალწლო სამზადისი სამცხე–ჯავახეთში

საახალწლო მზადება და ტრადიციები სოფელ მუსხში
| Print |