საზოგადოება
კომისიამ ჟურნალებიდან 2 500-ზე მეტი სტატიის ამოღების რეკომენდაცია გასცა
არაეთიკური გამოქვეყნების საკითხებზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად რუსული სამეცნიერო ჟურნალებიდან 800-ზე მეტი სტატია ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ Science Magazine ავრცელებს.

ასობით სამეცნიერო ჟურნალის შესწავლის შედეგად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ რუსული სამეცნიერო ლიტერატურა სავსეა პლაგიატით. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კომისიამ ჟურნალებიდან 2,500-ზე მეტი სტატიის ამოღების რეკომენდაცია გასცა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამეცნიერო სტატიების ავთენტურობა ეჭვქვეშ დგება. შარშან ზაფხულს ჩატარებული ანალოგიური მოკვლევის შემდეგ იმავე კომისიამ 541 ჟურნალს 2528 სტატიის ამოღების თხოვნით მიმართა. ასევე, Dissernet-მა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც “თაღლითების, გამყალბებლებისა და მატყუარების” აღმოჩენაზე მუშაობს, ჟურნალებში პლაგიატის 4000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა, მათ შორის იყო Russia Today ამერიკის ოფისის დირექტორის მიხეილ სოლოდნიკოვის სადოქტორო დისერტაცია.

eu vs disinfo წერს, რომ პლაგიატს ბევრი მიზეზი აქვს და მათ შორისაა დილემა სახელწოდებით “გამოაქვეყნე ან დავიწყებას მიეცემი,” რომელიც მსოფლიო სამეცნიერო წრეებს აწუხებთ. ცხადია, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც პლაგიარიზმმა სამეცნიერო ხარისხის გაუქმება გამოიწვია.

წყარო: მითების დეტექტორი
| Print |