საზოგადოება
საზოგადოებრივი ორგანიზაციები თეა წულუკიანის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას.

ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეო მიიტანა, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

,,ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, - ასე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიმართა.

ამის მტკიცებულებად ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში წარადგინა.

მომხდართან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს.

,,გვსურს, შეშფოთება გამოვთქვათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო. აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება. საჯარო ინფორმაციის სისტემატური გაუცემლობის თაობაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ინტერესის სფეროსაც პენიტენციური სისტემა წარმოადგენს''
- ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”

ადამიანის უფლებათა ცენტრი

| Print |