საზოგადოება
მოპედების და კვადროციკლის მძღოლებისთვის მართვის მოწმობა აუცილებელი ხდება

 

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

ცვლილებების მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

ამასთან „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი
იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მართვის მოწმობაში გათვალისწინებელი ცვლილებების კანონის პროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში გავა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.

 

| Print |