საზოგადოება
„ახალციხის ციხეზე“ ბილეთის ფასი იზრდება
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ კომპლექსში შესასვლელი ბილეთების ფასს გადახედა. 2020 წლის ათი თებერვლიდან ბილეთი ერთი ლარით გაუძვირდებათ ზრდასრულ ვიზიტორებს. კომპლექსში შესასვლელად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ექვსის ნაცვლად შვიდი ლარის გადახდა მოუწევთ. ინფორმაცია „ახალციხის ციხის“ ფეისბუკ გვერდით გავრცელდა. დანარჩენ ტარიფებს, ამ ეტაპზე ცვლილება არ შეხებია. სტუდენტებს ისევ სამი ლარის გადახდა მოუწევთ, მოსწავლეებს ორი.

„ძალიან ბევრ ობიექტზე ფასები თითქმის, გაორმაგდა, ჩვენ მხოლოდ ერთი ლარით გავზარდეთ. ციხის გახსნიდან, 2012 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბილეთი შვიდი ლარი ღირდა, საქართველოს მოქალაქისთვის - ხუთი. ამის გამო, 2016-17 წლებში არასამთავრობოებისგან პრეტენზიები გამოითქვა, ამიტომ გათანაბრდა და აქამდე იყო ექვსი ლარი. ახლა გახდება შვიდი“, - განმარტა კომპლექსის დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგივე დარჩა ექსკურსიამძღოლების ტარიფები:

- ექსკურსიამძღოლის მომსახურება ქართულ ენაზე ხუთი ვიზიტორისთვის - 10 ლარი;
- ხუთი ვიზიტორზე მეტი - 20 ლარი;
- უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 20
ლარი;
- ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით -30 ლარს;

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მოწმობას წარადგენენ, კომპლექსში უფასოდ შევლენ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

- -ICOM - ის წევრები;
- საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლები;
- 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვები;
- სოციალურად დაუცველი პირები;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ომის ვეტერანები.
| Print |