საზოგადოება
ახალშობილის გაყიდვაში ბრალდებული დედის თქმით, ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა

 

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ი.მ. აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. დეტალებზე მისმა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა. როგორც ჩერქეზია აცხადებს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა.

„ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე კარგი, რაც მოხდა არის ის, რომ ბავშვი დაიბადა და აბორტი არ გაკეთდა. ეს აჟიოტაჟი ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის, ბავშვი ცოცხალია“, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ახალშობილის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ. ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და სინამდვილეში არ გაყიდულა.

„ვის რა ინტერესები ჰქონდა, რა, როგორ იყო, არავინ იცის. თუკი, შეთავაზება იყო, რომ ბავშვი გარკვეულ თანხად გაყიდულიყო, არ გაყიდულა. ფინანსური დაინტერესება საბოლოო ჯამში, რეალიზებული არ არის და ამ სქემაზე საუბარი ახლა ცოტა უხერხულიაჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს იმ ნაწილში, რომ ბავშვის გაზრდა არ შეუძლია, რადგან ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი“, - აცხადებს ჩერქეზია.

„სულ რაღაც 2 დღის ამბავია და ასე ხელაღებით ექიმების დადანაშაულება რთულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავის ადანაშაულებს, ადანაშაულებს მხოლოდ თავის გაჭირვებულ ცხოვრებას. ექიმმა შეიძლება ის უთხრა, იქნებ გააჩინო ბავშვი, გაზარდოო. როცა მიხვდა, რომ ვერ გაზრდიდა, გაშვილება მოიფიქრა. ის, რომ ექიმების შეთავაზებით მომხდარიყო ბავშვის გაყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ აუღია“, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ასევე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც შვილად აყვანის შესახებ კანონმდებლობაშია.

„ბავშვის გაშვილების და შვილად აყვანის კანონი ცოტა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იყოს ეს მოგვარებული, ეს დანაშაულად არ უნდა გადაიქცეს და ტრეფიკინგს არ უნდა გაუთანაბრდეს“, - აცხადებს ბრალდებული დედის ადვოკატი.

 

| Print |