საზოგადოება
ახალციხეში, თოვლიანი ტროტუარების გამო, ქვეითებს გადაადგილება უჭირთ
სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობამ, ავტომობილების მძღოლების გარდა, გადაადგილება გაურთულა ფეხით მოსიარულეებსაც. ახალციხეში ტროტუარებს თოვლისგან წმენდენ, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე ქვეითები სიფრთხილით დადიან.

ახალციხის ქუჩებში გადაადგილება დღეს, 13 თებერვლიდან უჭირთ ფეხით მოსიარულეებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტროტუარი თოვლისგან გასაწმენდია და ტექნიკური მარილიც მოსაყრელია.
ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილება, გათოვებასა და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტექნიკური მარილი ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ გზებზე იყრება და შიდა ქუჩებზე გადაადგილება რთულია.

„ასპინძის ქუჩაზე ცუდი მდგომარეობაა, გზები სანახევროდ გაწმინდეს. თანაც ისეთი ორმოებია, მანქანა რომ მოცურდეს შეიძლება ბევრი ავარია მოხდეს“, - გვითხრეს ასპინძის ქუჩაზე.
ჯერ არ დასრულებულა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტერიტორიის თოვლისგან გასუფთავება. ახალციხის ცენტრალურ პარკში, სადაც ბავშვები მთელი დღეა გუნდაობენ, კიბეები გასაწმენდია.

„წელს მარილს საკმარისი რაოდენობით აყრიან. გზები ჯერ გაყინული არ არის და მოცურების საშიშროებაც ნაკლებია“, - გვითხრეს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეების ნაწილი მაღაზიის და სახლის წინ ტროტუარებს თავად ასუფთავებს. 
მიქუტიშვილის ქუჩა

ახალციხის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს შპს „კეთილმოწყობა“ ასრულებს. მისი ხელმძღვანელი კობა კურტანიძის თქმით, კომპანიის თანამშრომლებმა მუშაობა 12 თებერვლის საღამოდან დაიწყეს. ისინი ტროტუარებიდან თოვლს ხვეტენ და ტექნიკურ მარილს აყრიან.

„გზასთან ერთად, ტროტუარებსაც უნდა გაწმენდა. ვინმემ რომ ფეხი მოიტეხოს, არავის ესიამოვნება. ეტაპობრივად ყველა ქუჩას გავწმენდთ. პირველ რიგში სკოლების, საბავშვო ბაღების ტერიტორიას, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს. ამის შემდეგ აუცილებლად გავალთ მეორეხარისხოვან გზებზე“.
მოსახლეობა ამბობს, რომ შესაბამისმა სამსახურმა გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა დროულად უნდა მოასწროს. თუ გზები მალევე არ გადაითოვლება, ტროტუარები მოიყინება და ფეხით სიარული სახიფათო გახდება.
| Print |