საზოგადოება
"ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება, ბორჯომ-ხარაგაულის კი ფართოვდება" - პრემიერი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.

"დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას”, - აღნიშნა გახარიამ.

„ერუშეთის ეროვნული პარკი არის ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე იქნება განთავსებული, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს აჩენს. დაახლოებით, 38 კილომეტრ მანძილზე ეს პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის აღკვეთილს. ასეთი ტიპის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ერთიანი ჰაბიტატის არსებობისთვის, ცხოველების მნიშვნელოვანი სახეობების შენარჩუნებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვისათვის. ბიომრავალფეროვნების კუთხით, ეს არის ძალიან საინტერესო ფაუნის მთელი რიგი სახეობებისთვის. ეს არის: არჩვი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ევრაზიული ფოცხვერი და სხვა, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იშვიათი, გლობალურ დონეზეც გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობებისთვის, როგორიც არის კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ბექობის არწივი და სხვა. შესაბამისად, ამ ტერიტორიის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან დაიწყებს მუშაობას, რა დროისთვისაც გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსები როგორც კაპიტალური ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ისე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. 10 საშტატო ერთეული დაემატება დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს ამ ახალი ადმინისტრაციის შესანარჩუნებლად“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 ჰექტარით გაზარდოს. 

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოვლების გადასარჩენად",
- განაცხადა პრემიერმა. 



 

| Print |