საზოგადოება
"არანაირი ტირილი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ხატია პარუნაშვილის პირველი ინტერვიუ

 

"არასოდეს, არასოდეს დაკარგოთ რწმენა და იფიქრეთ პოზიტიურად! ზოგჯერ განწყობა წამალზე მეტია. რთულია, მაგრამ უფალი არასოდეს დაგტოვებს მარტო. თუ განსაცდელი მოგცა, დახმარების გზასაც განახებს. იყავით შემართებით, არანაირი ტირილი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ასე ამხნევებს მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანებს 21 წლის ხატია პარუნაშვილი, რომელმაც ლეიკემია ახლახან დაამარცხა. ადიგენელი გოგო უკვე ექვსი თვეა თურქეთშია და იქ დაახლოებით, ერთი თვე - ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ დარჩება.

ხატიას გამოჯანმრთელების შემდეგ, მასთან პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ. საუბარი მადლობით დაიწყო.

"დადგა ის დღე, როდესაც სრულიად ჯანმრთელი ვარ. რა გრძნობაა ეს? ენითაც რომ ვერ აღვწერ. ჩემს სიხარულს, ბედნიერებას საზღვარი არ აქვს ეს ყველაფერი მოხდა თქვენით. საზოგადოებამ გამომიწოდა დახმარების ხელი ყველაზე მძიმე მომენტში. თქვენით ვარ დღეს ცოცხალი და ბედნიერი. ალბათ, სიტყვა მადლობა ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც სრულიად საქართველომ ჩემთვის გააკეთა".

ხატია ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების სტუდენტია. უნივერსიტეტის დასრულებამდე ერთი წელი დარჩა. ამბობს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლაში დიდი დრო დახარჯა, ამიტომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შუა გზაზე მიტოვებულ საქმეს გაორმაგებული ძალებით შეუდგება.

"პირველ რიგში, გარკვეული პერიოდი მეკრძალება ხალხმრავალ ადგილას ყოფნა. როცა ექიმი ნებას დამრთავს, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ათმაგი ენერგიით ვბრუნდები და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები".

ხატიას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი ექვსი თვის წინ დუსვეს. ოჯახმა გადასამოწმებლად სტამბულში წაიყვანა, სადაც ლეიკემია დადასტურდა, თუმცა დაავადების სხვა სახეობა.

"როდესაც გავიგე, რომ ლეიკემია დამიმტკიცდა, რა თქმა უნდა არ მჯეროდა, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის. მაგრამ თანდათან ვეჩვეოდი ამ ყველაფერს და ვცდილობდი გამეთავისებინა ფსიქოლოგიურად, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გადავრჩებოდი. ძალიან მძიმე, მწარე და უიმედო დღეებიც გამოვიარე. როცა გავიგე, რომ მკურნალობისთვის ბევრი ფული მჭირდებოდა, იმედი გადამეწურა. რეალურად, შეუძლებელი იყო მოკლე დროში ამხელა თანხის შეგროვება".

ხატია ამბობს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლის ექვს თვეში ყველაზე რთული ქიმიოთერაპიის კურსის დაწყება იყო.

"პირველი ათი დღე ყველაფერი მტკიოდა. ვერ ვინძრეოდი საწოლში, კოშმარი იყო ჩემთვის. ასევე რთული ის იყო, რომ ფსიქოლოგიურად გამეთავისებინა რა ხდებოდა ჩემს თავს".

ხატიას ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ერთი თვის წინ ჩაუტარდა. დონორი მისი და იყო.

ძვირადღირებული ოპერაციისა და მკურნალობის თანხებს, ხშირ შემთხვევაში უცნობი ადამიანები, სხვადასხვა აქტივობებით აგროვებდნენ. ხატიას ისტორიის კარგი დასასრული, საზოგადოების ერთიანობის შედეგია.
| Print |