საზოგადოება
სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება - ფინანსთა სამინისტრო
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამბაქოს ფასი 10-15 ლარამდე გაიზრდება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით 2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება და გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. ხუციშვილის თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებების სიგარეტის აქციზთან დაკავშირებით, თუმცა არავის უთქვამს, რომ ცვლილება ხვალვე იქნებოდა.

„არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის, ასევე ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება".

საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი.

„დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ, ექვსი წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება, ბევრს ჰქონდეს განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მით უმეტეს, მკითხაობის საფუძველზე“, – აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

წყარო: www.newposts.ge
| Print |