საზოგადოება
BBC რჩევები მათთვის, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს
BBC რჩევებს აძლევს მათ, ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და დიაგნოზის დადასტურებამდე სახლში რჩება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როცა ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან ან ისეთ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ვირუსის შემთხვევები ფიქსირდება. BBC-ს სამედიცინო კორესპონდენტის, ფერგუს უოლშის თქმით, წარმატებული თვითიზოლაციისთვის 5 რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

1. თუ სახლში დარჩით, ნუ მიიღებთ სტუმრებსა და მნახველებს.

2. თუ ხველა ან ციება გაქვთ, ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით გაიარეთ. მისი რეკომენდაციის გარეშე საავადმყოფოში ნუ წახვალთ.

3. თუ მარტო არ ცხოვრობთ, ცალკე ოთახში იყავით, სადაც კარგი ვენტილაციაა. დახურეთ კარი. აბაზანა კი ბოლომ გამოიყენეთ.

4. ნაგავი და ნარჩენები ორმაგად შეფუთეთ. თუ კორონავირუსი დაგიდგინდათ, მათ ცალკე გადაყრიან.

5. თუ მარტო ცხოვრობთ, საჭირო ნივთები და პროდუქტები შეუკვეთეთ ან დახმარება მეგობრებს სთხოვეთ. მაგრამ პროდუქტები კართან უნდა დაგიტოვონ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

3 მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინში 120 პირი იმყოფება, აქედან 26 აბასთუმნის ფილტვის ცენტრში. კორონავირუსის სიმპტომები სამ მათგანს დაუდგინდა.
| Print |