საზოგადოება
ქართველი ინსტრუქტორები ბაკურიანში უცხოელ სამხედროებს სამთო ტექნიკასთან მოპყრობას ასწავლიან
ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით უცხოელი სამხედროები ბაკურიანში სამთო ტექნიკას ეუფლებიან. ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაშია გადასული. პროგრამა „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) ფარგლებში სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელი, აზერბაიჯანელი, ლატვიელი, უკრაინელი, პოლონელი და ბელარუსელი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო ტექნიკას ეუფლებიან. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამხედროები მაღალმთიან რელიეფზე თხილამურებზე სრიალს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნასა და დაშავებულის ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს შეისწავლიან. კურსი ტაქტიკურ მარშებსა და თოვლიან რელიეფზე მოწყობილ თავშესაფარში ღამის გათენებასაც ითვალისწინებს.

კურსის ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ, რის საფუძველზეც მათ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.
| Print |