საზოგადოება
ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია კანალიზაციის წყლით იტბორება
ახალციხის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, ერთი კვირაა კანალიზაციის წყალი მოედინება. გზაზე, სადაც მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან, სავარაუდოდ, საკანალიზაციო მილია გამსკდარი და ფეკალური მასები ამოდის. ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც ტერიტორიაზე ანტისანიტარია და შემაწუხებელი სუნია.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ", დაზიანებული მილის შესახებ, ტელეკომპანია „მეცხრე არხისგან“ შეიტყო. რეგიონული მენეჯერის თქმით, ჯგუფმა დატბორილი ტერიტორია შეისწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღესვე დაიწყებენ.

„სპეცტექნიკა ვალეშია, ჩამოვა ნახევარ საათში და დაიწყება სამუშაოები. ჭას ახდიან, ჩაბერავენ და მერე გეტყვით, თუ რა არის დაზიანებული, შესაძლოა დაზიანება არაა და ვინმემ ნაგავი ჩააგდო“
, - გვითხრა ბესიკ ფილაურმა.


| Print |