საზოგადოება
ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.

ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასსხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნდ გაართულებს",
- განაცხადა ტიკარაძემ.

"ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა",
- ასე უპასუხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ ჟურნალისტების შეკითხვას. 

სილვიო დომენტე განმარტავს, რომ ქვეყნებს დამატებითი ზომების მიღება შეუძლიათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა აცნობონ და დაუსაბუთონ მიღებული ზომების საჭიროება.

„რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ქვეყნებმა თავად დამატებითი ზომები გაატარონ. ქვეყნებს ვალდებულება აქვთ მიღებული ზომების შესახებ აცნობონ ჯანმოს და დაასაბუთონ ეს ზომები. ჯანმო მოელის, რომ თუ საქართველო რაიმე ზომებს განახორციელებს, ამის შესახებ დასაბუთებულად აცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას",-აღნიშნავს სილვიო დომენტე.
| Print |