საზოგადოება
ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად - პრემიერი
როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.

„ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი. ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, - აღნიშნა პრემიერმა „ღამის კურიერში“.
| Print |