საზოგადოება
ახალციხეში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტს გადასცემენ

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, ერთი თვის სასურსათო პაკეტს მიიღებენ. გადაწყვეტილება თვითმმართველობასა და მერიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში მიიღეს. მისი ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტენდერში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებთან, რომლებმაც საკვების მარაგი უნდა უზრუნველყონ. თითოეულ ბავშვს სავარაუდოდ, ბურღულეული, რძის პროდუქტი, პური, ორცხობილა და ხილი გადაეცემა, თუმცა სასურსათო პაკეტის შემადგენლობას გაეთიანებაში ამ დრომდე აზუსტებენ.

„მოლაპარაკებების შემდეგ დადგინდება, როდის გავცემთ სურსათს. სავარაუდოდ, სამ დღეში გვეცოდინება ყელაფერი. დავიბარებთ მშობლებს და ბაღიდან გაიტანენ პაკეტს. სურსათის სახეობების ზუსტ რაოდენობას ჯერ კიდევ ვადგენთ. საკმაოდ დიდი რაოდენობის მარაგი გვჭირდება და დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ“, - გვითხრა მარინა მერაბიშვილმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარდა, აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტს World Vision-ის დაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრიც გადასცემს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში 1 950 აღსაზრდელია რეგიტრირებული.
| Print |