საზოგადოება
საქართველოს ყველა მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდა


ფაილი, რომელიც საქართველოს 4 934 863 მოქალაქის პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილსა თუ დაბადების თარიღს მოიცავს, ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა. მონაცემები მოიცავს გარდაცვლილი მოქალაქეების აღმწერ ინფორმაციასაც. ბაზის გაჟონვა მონაცემთა მონიტორინგისა და პრევენციის სერვისმა – Under the Breach-მა აღმოაჩინა, ინფორმაცია კი ZDNet-მა გაავრცელა.

ხაზგასასმელია, რომ გაჟონილ ინფორმაციაში ვხვდებით მოქალაქეთა სახელსა და გვარებს, ისევე როგორც საცხოვრებელ, ფაქტობრივ მისამართებს, ID ნომრებს, მობილურის ნომრებს. ეს ყველაფერი კი ერთ 1.04 GB-იან ფაილშია თავმოყრილი. ეს ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე, სახელმწიფო ინტერესების კუთხითაც. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს თქვენი ნომერი, მისამართი, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა მსგავსი ინფორმაციის ვინმესთვის გაზიარების სურვილი. სხვა მხრივ, მსგავსი მოცულობის მონაცემთა ბაზის ფლობა სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა, კომერციული თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევაში შეიძლება დაეხმაროს. ძალიან მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ახლა უკვე, ამ ბაზის გამოყენებით, ერთ კომპანიას შეუძლია საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს გაუგზავნოს სარეკლამო შინაარსის მესიჯი. უფრო სხვა მხრივ კი ეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიგვანიშნებს.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, მათ 1/3-ს კი არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ შეეძლო. გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაში კი, როგორც უკვე ვთქვით, 4 934 863 მოქალაქის მონაცემი იყრის თავს, მათ შორის კი მილიონობით გარდაცვლილის მონაცემია.

გაურკვეველია, როგორ მოიპოვა ფორუმის მომხმარებელმა ეს ბაზა. როგორც ZDNet წერს, შესაძლოა მონაცემები voters.cec.gov.ge-ზე იყო ხელმისაწვდომი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამომრჩეველთა პირადი მონაცემები საჯაროვდება. იგივე მოხდა 2019 წლის აგვისტოში, როცა ჩილეს მოსახლეობის 80%-ის (14.3 მილიონი ადამიანის), მთავრობის მხრიდან დაუცველი პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდა.

marketer.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია. როგორც უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - აცხადებენ უწყებაში.

| Print |