საზოგადოება
ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება მათი დახმარებისთვის - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა გახარიამ.

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტით შემუშავებულია ის ზომებიც, რომლებიც ბიზნესს დაეხმარება, რათა მან შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად, შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
| Print |