საზოგადოება
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მუშაობას ახალი რეგულაციებით იწყებენ

 

ხუთი მაისიდან გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე მოხვდება. 

„ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში".

თეა წულუკიანის თქმით, შენობაში პირბადის გარეშე არავინ დაიშვება. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება.

"ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

| Print |