საზოგადოება
კორონავირუსის გამო, ბოლნისის სოფელი გეტა ჩაიკეტა

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა 15 მაისის დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა და დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სოფლებში მუშევანსა და გეტაში, სადაც დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8, მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“,
- წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა 14 მაისს დაფიქსირდა.

 

| Print |