საზოგადოება
მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდეა აკრძალული
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი რეგულაცია საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.

ჩერდება:
  • სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;
  • საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
  • რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობამ, ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე, განმარტება გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მათი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

„საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს,“ - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
| Print |