საზოგადოება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა მხოლოდ სამი წელი შეძლო, რადგან 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა იმპერიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა.

70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, გერბსა და ჰიმნზე.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამავე წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია.

 

| Print |