საზოგადოება
ახალციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა ცხრა არასრულწლოვანი დაკბინეს (ვიდეო)
ქალაქ ახალციხეში, ცხრა აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, მიუსაფარმა ძაღლებმა ერთ დღეში ცხრა ბავშვი დაკბინეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა ორი წლისაა. 

თეონა ღონღაძე ამბობს, რომ საღამოს ბავშვი სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად ჩამოიყვანა. ბავშვმა სირბილი დაიწყო, რა დროსაც ძაღლი მარცხენა ფეხზე სწვდა და ოთხ ადგილზე უკბინა. 

,,როგორც კი ბავშვი გამოვგლიჯე პირიდან გამოქცევა ვცადე, ძაღლი კიდევ მოყვებოდა, მერე აღარ მახსოვს“ - ამბობს თეონა ღონღაძე.

ბავშვებს დაზიანებები ძირითადად კიდურებსა და წელის არეში აქვთ. მედიკოსთა თქმით, დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ცოფის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაუკეთდათ და ყველა მათგანი ეტაპობრივად უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.

"ძაღლისგან დაკბენის 15 შემთხვევა გვქონდა დღეს, აქედან 9 პირველადი და 6 მეორეული", - განუცხადა "მეცხრე არხს" ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგმა. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით, ძაღლების მიერ დაკბენილთა რაოდენობის სტატისტიკა გაზრდილია.

მიუსაფარი ცხოველიდან ერთ-ერთი შესაბამისმა სამსახურმა უკვე გადაიყვანა დახურულ სივრცეში.

| Print |