საზოგადოება
ხელფასს ხელზე ვიღებდი და დახმარება არ მეხება - თვითდასაქმებული
კორონავირუსის პანდემიისას დაზარალებულებისთვის, დახმარებების გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, კომპენსაციას მიიღებს ყველა ადამიანი, ვისი დახმარების საჭიროებაც იქნება დასაბუთებული.

შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს, ოღონდ ამისთვის ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოუწევთ. ამის გამო, თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი ვერ ადასტურებს, რომ პანდემიამდე მუშაობდა. მათ შორის არიან ძიძები, მძღოლები, დამლაგებლები, მეწაღეები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 840 ათასი თვითდასაქმებულია, სახელიმწიფოსგან დახმარებას კი 30% მიიღებს. რადგან პროგრამის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მხოლოდ 250 ათასი ადამიანი მიიღებს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ კომპენსაცია საზოგადოების ყველა კატეგორიას ითვალისწინებს.

| Print |