საზოგადოება
საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია გაიხსნა

 

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. ობიექტებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, მაღაზიაში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

დოკუმენტის თანახმად, მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.
| Print |