საზოგადოება
აბასთუმნის ხანძარს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ
ცეცხლის ორდღიანი ქრობის შემდეგ აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცენტრალური პარკიდან დაახლოებით ორი კმ-ს დაშორებით ცეცხლის კერები დრონების საშუალებით აღმოაჩინეს. ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, მიუდგომელ ადგილას მდებარეობს, რის გამოც სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ხანძრის ქრობის პროცესში, ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს სამცხე–ჯავახეთის და ქვემო ქართლის მეხანძრე–მაშველები აქრობდნენ.


საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილის თქმით, საქმეს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

| Print |