საზოგადოება
მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს
მოსახლეობის უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს ადგილობრივ თვითმმართველობას.

ეს შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2%-ია. 



კვლევის ფარგლებში დაინტერესდნენ, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს - მერსა და საკრებულოს და რამდენად გამოხატავენ ისინი მოქალაქეთა ინტერესებს.

მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მოსწონს მათ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების საკითხები, თუმცა ეს საკთხები აღარ არის მუნიციპალური სამსახურების მოსაგვარებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები ყველაზე მეტად, ნარჩენების შეგროვებითა და დასუფთავების სერვისით არიან კმაყოფილი, ყველაზე მეტად უკმაყოფილო კი - პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებით.


| Print |