საზოგადოება
დეზინფექცია ატრაქციონებს ხშირად უნდა ჩაუტარდეთ - ნანა ბიბილური
კორონავირუსის პრევენციიდან გამომდინარე, რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალციხის ბაღებსა და სკვერებში ხალხთა სიმრავლე შეინიშნება. რა და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვირუსს მოვერიდოთ და უსაფრთხოდ ვიყოთ, ამ და რიგ სხვა კითხვებზე ექიმ - ინფექციონისტმა თავისი კომენტარი „მეცხრე არხთან“ ვიზიტის დროს გააკეთა.

კორონავირუსის გამო, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სოციალური დისტანცია და პირბადის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში სულ უფრო ნაკლებად ხდება. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ის სკვერები და ბაღები, სადაც მშობლებს პატარები სათამაშოდ გამოჰყავთ, ატრაქციონების დეზინფექცირება კი სისტემატურად არ ხდება. მშობლების ნაწილი შიშობს, რომ შექმნილი ვითარების გამო აღნიშნული ტერიტორიები ,შესაძლებელია ვირუსის გავრცელების კერად გადაიქცეს.

მაია მაისურაძე თავს ცენტრალურ პარკში ატრაქციონების გაქირავებით ირჩენს. კოვიდ19-ის პანდემიის გამო მომხმარებელი შეუმცირდა. ამბობს, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ მედიკოსთა რეკომენდაციებს იცავს, რის გამოც მშობლების შიში უსაფუძვლოდ მიაჩნია. მისივე თქმით, სათამაშოებსა და ატრაქციონებს დეზინფექციას ხშირად უტარებს და ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე ჰყავს დაყვანილი.

მოხსნილი შეზღუდვები, რომ გამქრალ საფრთხეს არ გულისხმობს, ამის შესახებ საუბრობს ბავშვთა ფსიქოლოგი. თამაშის დროს შესაძლოა მცირეწლოვანს ავიწყდებოდეს კორონავირუსის არსებობა და ყოველგვარი დისტანცია დარღვეული იყოს - განმარტავს მარიამ იველაშვილი და მშობლებს ურჩევს, რომ საკუთარ შვილებს ვირუსთან გამკლავება შფოთვის გარეშე ასწავლონ.

ერთი და იგივე ატრაქციონის პლასტმასზე შეხება, რომ შესაძლოა ვირუსის გავრცელების კერად იქცეს, ამის შესახებ ეპიდემიოლოგი საუბრობს. ქეთევან ჯიჭველაძე ღია სივრცეში, დისტანციის დასაცავად პირბადის გამოყენებას როგორც დიდებში, ასევე პატარებში საჭიროდ მიიჩნევს. ამბობს, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მშობლებმა ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოარიდონ.


Covid-19 -ის პრევენციიდან გამომდინარე ხელისუფლების რეკომენდაციის თანახმად, ფიზიკური კონტაქტის დროს, დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია 2 მეტრით და ამავდროულად, საზოგადოებამ დამცავი პირბადე უნდა გამოიყენოს.

| Print |