საზოგადოება
რუსმა სამხედროებმა 33 წლის ზაზა კახელაძე დაჭრეს და დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 1987 წელს დაბადებული ზაზა კახელაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, „11 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ზაზა კახელაძემ დაარღვია სახელმწიფო საზღვარი, გადავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაჯში. კახელაძემ მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა მათი მიმართულებით. საპასუხო სროლისას კახელაძე ტერფში დაიჭრა. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
| Print |