საზოგადოება
რა წესების დაცვა გვევალება, ზღვაზე წასვლის შემთხვევაში
მთავარი წესი ზღვის სანაპიროზეც დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაა. საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამქირავებელს კი ევალება ყოველი გამოყენების მერე შეზლონგები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაოს. თერმოსკრინინგი მხოლოდ შეზლონგის გაქირავებაზე მომუშავე თანამშრომლებისთვისაა სავალდებულო.

პლაჟზე ნარჩენების გადაყრას თავისი წესი ექნება: გამოყენებული ხელთათმანები და პირბადეები პარკში უნდა მოთავსდეს და სანაპიროზე სპეციალურად დამონტაჟებულ დახურულ სანაგვე ურნაში ისე უნდა გადაიყაროს. პლაჟის დანაგვიანება 80-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

რაც შეეხება სხვა წესების დაცვის კონტროლს, როგორც ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, რადიო ,,თავისუფლებასთანს" ამბობს, ამას ბათუმის ბულვარისა და ქალაქის მერიის სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქაც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა:

100 %-იანი მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია... მხოლოდ ჩვენი სანაპიროსთვის ან ქვეყნისთვის კი არა, პანდემია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. დაგვეხმარეთ დამსვენებლები და პლაჟზე მისულებმა ერთმანეთის გადაკოცნისგან და ჩახუტებებისგან, რაც გვჩვევია და ჩვენი ტრადიციაა, თავი შეიკავეთ“.

ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, პლაჟზე დასვენების წესები საინფორმაციო დაფებზე განთავსდება. ბულვარის სამსახურები ვალდებული იქნებიან, აგრეთვე, პლაჟზე არსებული ღია საშხაპეები და გამოსაცვლელები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაონ.

დამსვენებლებს არა, მაგრამ შეზლონგების გამქირავებელს პირბადე უნდა ეკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიუახლოვდება და სავალდებულო დისტანციას დაარღვევს.

აჭარა, თვეზე მეტია, მწვანე ზონად იყო გამოცხადებული, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების არარსებობის გამო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე, ამბობს, რომ

„ახლანდელი პაციენტები ყველა სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან და ყველას იშვიათი კლინიკური სიმპტომები აქვთ. ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან“.

ნინო ნიჟარაძისავე თქმით, ბათუმში ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის შიდაგავრცელების შემთხვევა. არც ინფექციის გავრცელების დაუდგენელი წყარო არსებობს. მისივე თქმით, ეს დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა შიდატურიზმის თვალსაზრისით, თუმცა, ამავე დროს, ეპიდსიტუაცია ისევ მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული.

მომზადებულია რადიო თავისუფლების მასალის მიხედვით
| Print |