საზოგადოება
სასმელი წყალი გრაფიკით - ახალციხელები 24საათიან წყალმომარაგებას ითხოვენ
ახალციხის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის პრობლემაზე ჩივის. ქალაქის დიდ ნაწილში, დღის განმავლობაში წყალი დილა-საღამოს, რამდენიმე საათით მოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დროში მთელი დღის სამყოფი წყლის მომარაგებას ვერ ასწრებენ. სასმელი წყალი ქუჩებს ხშირად არც გრაფიკით განსაზღვრულ დროს მიეწოდება. მოსახლეობის თქმით, მიზეზი ძველი, დაზიანებული მილები და მოშლილი ინფრასტრუქტურაა.

ასპინძის ქუჩაზე წყალი დილის 7-დან 11 საათამდე, საღამოს კი 7-დან 9-მდე მოდის. მაცხოვრებლებმა ამ დროში უნდა მოასწრონ და წყალი ავზებში აავსონ, რასაც, მათი თქმით, ხშირად ვერ ახერხებენ.

„ბაკის“ წყალი არ არის კარგი, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. დასალევი წყალი ერთი დღეს რომ არ ავიღო, მეზობელს უნდა ვთხოვო“, - ამბობს 88 წლის თემურ ბერიძე.

ასპინძის ქუჩის მოსახლეობის პრობლემას, გაზაფხულზე კიდევ ერთი ემატება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი იმღვრევა და მისი გამოყენება არა მხოლოდ სასმელად, არამედ საოჯახო საქმეებისთვისაც უჭირთ. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც ერთხელ მიიღეს. გარდა ამისა, პრობლემაა მოძველებული მილებიც.

„შეიძლება თვეში ორჯერ გასკდეს მილები, წყალი ამოდის და აქაურობა იტბორება. მოდიან, აკეთებენ, მაგრამ იმხელა წნევა აქვს, მალევე სკდება, ძველი მილებია, გამოცვლა სჭირდება“, - ამბობს მერი ზედგინიძე. ის 30 წელია ასპინძის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ წყლის პრობლემა ათეულობით წელია დგას, თუმცა მისი გადაჭრა ვერავინ შეძლო.

წყლის გრაფიკის გაზრდა საპროტესტო აქციით მოითხოვეს ახალციხის ხუთი ქუჩის მაცხოვრებლებმა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ახალციხის მერიას დასხმარებლად მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თვითმმართველობაში 80-მდე ხელმოწერით შესული დოკუმენტი ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. თვითმმართველობაში არც ზაზა მელიქიძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას უპასუხეს, რომ მერი 24-საათიან წყალმომარაგებას დაპირდა და არ შეასრულა. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გადაგვამისამართეს.

სამცხე-ჯავახეთის ფილიალის უფროსი ახალციხელების მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ სასმელი წყლით უწყვეტად ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 50% მარაგდება. გიორგი გრიგოლაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია ძველი ქსელის რეაბილიტაცია, რაც წყლის დანაკარგს შეამცირებს და არალეგალურ წყაროების პრობლემასაც გადაჭრის.

„ახლაც მიმიდინარეობს სამუშაოები მინაძე-ჭაჭარაქის სატუმბი სადგურის აღდგენასა და ამუშავებაზე. როგორიც კი ეს პროექტი დასრულდება, მთელ ახალციხეს 24-საათინი წყალი ექნება“, - გვითხრა „საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორმა.

ახალციხეში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლებია ითხოვს. „საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყველა ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ამ საკითხის გადაჭრა მისი პრიორიტეტი იყო, თუმცა ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა აქამდე ვერც ერთმა შეძლო. გიორგი გრიგოლაშვილი მიზეზად არარაციონალურ ხარჯვას ასახელებს. მისი თქმით, დებეტი საკმარისი არ არის, განსაკუთრებით ზაფხულში. ამიტომ მუნიციპალიტეტის შემოგარენში ახალი წყაროების მოძიება მიმდინარეობს.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |