შევკამათდით - ახალციხეში სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 17 ივლისს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ორ ქვეყანას შორის დაწყებული დაპირისპირებაა.
"ჩხუბი არ ყოფილა, ჩვენ კი ვაპირებდით რომ გვეცემა, მაგრამ პატრული მოვიდა და მალევე დავიშალეთ", - გვითხრა ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეორე კურსელმა ეთნიკურად სომეხმა ახალგარდამ.
ორივე მხარე ამბობს, რომ ინციდენტი სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია.
"ჩემი მეგობარი იყო ერთ-ერთი, მისგან ვიცი, რომ ქუჩაში შეხვდნენ ერთამენთს სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები, საუბარი დაიწყეს ქვენებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე. ერთმანეთს აბრალებდნენ არეულობის დაწყებას. მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ჩხუბში არ გადაზრდილა, მალევე დაიშალნენ", - გვითხრა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტმა.
ინციდენტის შესახებ საქმის კურსშია უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
"რამდენადაც ვიცი, არაფერი განსაკუთრებული არ იყო. როცა ყურმოკვრით გავიგე, სტუდენტებს გადავურეკე და მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა და სიმშვიდეა. რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა", - ამბობს მაკა ბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინციდენტის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა.