საზოგადოება
საშიში ნივთიერებები კოსმეტიკაში, ტანსაცმელსა და სათამაშოებში - კვლევის შედეგები ახალციხელებს გააცნეს

 

დარიშხანი, ტყვია, კადნიუმი, ფორმალდეჰიდი, პარაბენები და პტალატები - ეს არის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც საქართველოში გაყიდულ ჰიგიენურ საშუალებებში, საბავშვო სათამაშოებსა და ტანსაცმელში აღმოჩნდა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, 2019-2020 წლებში, პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალციხეში გაიმართა.

ღონისძიებას საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საბავშვო დაწესებულებათა წამომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ არასასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოში ეს პროდუქცია არ მოწმდება, ასევე სახელმწიფოს არ აქვს დაწესებული რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილებაც არასასურსათო პროდუქციას მოუწევს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ამ მიმართულებით წლებია მუშაობს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია პროდუქციის ნიმუშებს საზღვარგარეთ აგზავნიან და ლაბორატორიულად ამოწმებენ.

შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

| Print |