საზოგადოება
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში თემქაზე "ჯერასრის" კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

"როგორც გავიგე, იარაღი გაუვარდა და დაიჭრაო, ახალგაზრდა ბიჭია და რა მოხდა არავინ იცის", - გვითხრეს სოფელ მლაშეში, სადაც დაჭრილი ცხოვრობს.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბექა გოგრიჭიანი მათთან 2014 წლიდან მუშაობს. 2019 წლის იანვრიდან იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე იყო დასაქმებული, მიმდინარე წლის ივნისიდან კი დაწინაურდა და უფროსი სპეციალისტის პოზიცია დაიკავა.

„დღეს დილით, როგორც კი ოჯახმა მომდარი ტრაგედიის შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, მიღებულ იქნა ზომები დაჭრილის თბილისის კლინიკაში გადმოსაყვანად“, - გვითხრეს იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

| Print |