საზოგადოება
საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის მზად უნდა ვიყოთ - გიორგი გახარია
ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფად გამკაცრება - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საუბარი კორონავირუსის თემით დაიწყო და შეშფოთება გამოთქვა, რომ ბოლო დღეებში კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მან აღნიშნა, რომ ბოლო შემთხვევების დიდი ნაწილი გარდაბნის სოფლებზე მოდის, საიდანაც ადამიანები თბილისისა და სხვა ლოკაცების ბაზრობებზე მუშაობენ, შესაბამისად, მიღებულ იქნა ბაზრობებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, რაც თერმოსქრინინგსა და შერჩევით ტესტირებას გულისხმობს. გახარიას თქმით, გარდაბნის რაიონის რამდენიმე სოფელში ტესტირების აქტიური პროცესი მიმდინარეობს.

მან ასევე შეგვახსენა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში კარანტინის გამოცხადებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

"საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფად გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა პრემიერმა. 

გახარიას თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ, რათა ვირუსის ეფექტური მართვა და ეკონომიკური აღორძიება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფაქტორებია.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 1085 შემთხვევა ფიქსირდება.
| Print |