საზოგადოება
საკრებულოს მიერ, კონტროლის ფუნქცია ფორმალური სახისაა - გამჭვირვალობა

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ორ წელსა და სამ თვეში, მერიის მიერ წარდგენილი 283 საკითხი განიხილა და ერთის გარდა, მხარი ყველას უპირობოდ დაუჭირა - წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეფასება საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ბოლომდე გამართული 40 სხდომის ოქმი. მკვლევარებმა მათზე დაყრდნობით გაარკვიეს, რომ საკრებულოს მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ჩანს სუსტი ზედამხედველობა მასთან ანგარიშვალდებულ სამსახურებზე.

წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში არ არის ჩართული მოსახლეობა. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სხდომებს მხოლოდ ორი პირი დაესწრო. ხოლო იმ შეხვედრას, როცა საკრებულო მოსახლეობას ანგარიშს აბარებდა, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 11 პირი ესწრებოდა.

ოქმებში არ არის დაფიქსირებული დეპუტატების განცხადებები აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ან მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების წარმომადგენლების მოწვევის შესახებ. ასევე, საკრებულოს 17 თანამდებობის პირიდან ხუთს დეკლარაცია სრულყოფილად არ აქვს შევსებული.

საკრებულოს ყველაზე ხშირად „ქართული ოცნების“ დეპუტატი კობა გელაშვილი აცდენს. 40 სხდომიდან ის 27-ს არ დაესწრო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნატო დარბაიძე 24 გაცდენით, მესამე ადგილზე მმართველი პარტიის წევრი სამველ ოვეიანი 23 გაცდენით.

კვლევის პრეზენტაცია რესტორან „რაბათის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკრებულოს სამი წევრი ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ მივიდა საკრებულოს თავმჯდომარე ან წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა თანამდებობის პირი.

პრეზენტაციის ბოლოს, საკრებულოს ეფექტური მუშაობისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რეკომენდაციები წარადგინა. თამუნა უჩიძის თქმით, უნდა დაიხვეწოს საორგანიზაციო საკითხები, სხდომები არ ჩატარდეს ნაჩქარევად, ხარჯები იყოს მუშაობის შესაბამისი და რაც მთავარია - საკრებულომ უნდა განახორციელოს მერიის საქმიანობის ზედამხედველობა.

| Print |