საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის, 3 აგვისტოს, ბორჯომში ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეები იმ საკითხებზე მსჯელობენ, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ინტეგრაციის პროცესში შექმნილ მიღწევებსა და გამოწვევებს ეხება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენელმა 2015-20 წწ. სამოქამედო გეგმისა და განხორციელებული საქმიანობების შესახებ ისაუბრა. თინათინ ღოღელიანი 1+4 პროგრამის წარმატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2017 წლიდან დღემდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 300-მდე ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში და მათგან 100-მდე დასაქმდა. თუმცა აქვე აღინიშნა, რომ პრობლემად რჩება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უმაღლესი სასწავლებლები მიატოვეს.

მისივე თქმით, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში სამხარეო ადმინისტრაციებში ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნა. მსგავსი საბჭოს შექმნა იგეგმება სამცხე-ჯავახეთში.

სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ დღემდე მთავარ გამოწვევად, სხვა საკითხებთან ერთად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნა მაღალ დონეზე, ხოლო რეკომენდაციის სახით აღნიშნა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ რეგიონულ მედიასთან განვითარების კუთხით.

შუალედური შეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ განათლების ხელმისაწვდომობა, საგანმანათლებლო რესურსები და პედაგოგთა კვალიფიკაცია ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სამინისტროში ფიქრობენ, რომ აუცილებელია ეთნიკური უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნა საქართველოში, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ შექმნილი სახელმძღვანელოებით არ იხელმძღვანელონ. 

სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან ტოლერანტობისს, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

| Print |