საზოგადოება
ინცინდენტი ახალციხეში - დამტვრეულია გახაროვების ავტომობილი

 

ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, ადგილობრივს ავტომობილი დაუზიანეს. BMW-ს მარკის მანქანაზე ჩამსხვრეულია წინა და უკანა საქარე მინა, ფანჯრები და ფარები.

შემთხვევა ოთხ აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ხმაურზე შეკრებილმა მეზობლებმა დაინახეს, როგორ ლეწავდნენ ახალგაზრდები ავტომობილს, შემდეგ კი თავიანთი მანქანებით გაიქცნენ. 

გახაროვები რეპატრირებული მესხები არიან, ოჯახი ისტორიულ სამშობლოში 11 წლის წინ დაბრუნდა. ამბობენ, რომ მათი კუთვნილი მანქანა გამიზნულად დააზიანეს, თუმცა ინცინდენტის მიზეზის დასახელება უჭირთ. დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ მანქანის მინები მეზობლად მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ცულით დალეწეს. 

ინცინდენტის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია. ავტომობილი საჯარიმოზეა გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მოხდა თუ არა ინცინდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება - უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

| Print |