საზოგადოება
ახალციხიდან ჯერ არავის მოუმართავს - ე.წ. სამხედრო ბინების დაკანონება დაიწყო
თავდაცვის სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ბინების ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონება დაიწყო. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო. სიახლის შესახებ არ იცის ახალციხეში, ე.წ. სამხედრო ბინებში მაცხოვრებლების დიდმა ნაწილმა, რომლებიც სახლების დარეგისტრირებას წლებია უშედეგოდ ცდილობენ. თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ახალციხიდან განცხადება ჯერ არ შესულა.

ზურაბ დალალიშვილი 16 წელია ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე, ე.წ. თერთმეტსახლიანებში ცხოვრობს. მისი ბინა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. საცხოვრებლის პრივატიზება არაერთხელ სცადა, საბუთები ახალციხის მერიაში ბოლოს 4-5 თვის წინ შეიტანა. თვითმმართველობაში უთხრეს, რომ დოკუმეტები თბილისშია გადაგზავნილი. საჯარო უწყებებისგან პასუხს მას შემდეგ, უშედეგოდ ელის.

„16 წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ორდერი სხვაზეა, სამხედრო პირი იყო ამ სახლის მეპატრონე. მთავრობიდან რამდენჯერმე მოგვთხოვეს საბუთები, რომ პრივატიზაცია უნდა გაკეთებულიყო, შემდეგ კი მე გადავიფორმებდი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია. ეს მთავრობა რომ დადგა, მას შემდეგ შევაგროვეთ დოკუმენტები. გვეუბნებიან, თბილისშია საბუთები გაგზავნილი და ველოდებითო“, - გვითხრა ზურაბ დალალიშვილმა.

ახალციხეში ე.წ. სამხედრო ბინები, კოსტავას, ზარზმელის, რუსთაველის, გვარამაძისა და ადიგენის ქუჩებზე მდებარეობს. მაცხოვრებლები სახლების პრივატიზებას ათეულობით წელია ცდილობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხან საკუთარი, ხან კი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საპრივატიზაციო დოკუმენტები თვითმმართველობაში არაერთხელ შეიტანეს. რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საცხოვრებლის დამტკიცებას ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში ჰპირდებოდა.


საქართველოს მთავრობის 17 ივლისის დადგენილების შესახებ, ზარზმელის ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სმენია.

„ჩვენ არ გაგვიგია ეგ ინფორმაცია. რამდენიმე თვის წინ რომ საბუთები შეგროვდა, მას შემდეგ ჩვენთან არავინ მოსულა“, - გვითხრეს ე.წ. თერთმეტსახლიანებში.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მოქალაქეების ინფორმირებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ. ეკონომიკური სამსახურის უფროსის თქმით, სამინისტროში საპტივატიზაციო კომისია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. მერიამ, თავის მხრივ, მათთან თავმოყრილი დოკუმენტების მომზადება დაიწყო.

ჩვენ მოქალაქეებს დავეხმარეთ შიდა საკადასტრო ნახაზების მომზადებაში. კერძო პირთან რომ მისულიყვნენ, ამაში მინიმუმ, 50 ლარი უნდა გადაეხადათ, ჩვენ გავუკეთეთ უფასოდ. დოკუმენტაციის ნაწილი ჩვენთან ინახება, მოქალაქეები ახდენენ მათ გათხოვას. პირველი დაინტერესებული ადამიანი სამი დღის წინ, ორშაბათს დაგვიკავშირდა. ჩვენ დავეხმარებით განაცხადის შევსებასა და საჭირო საბუთების შეგროვებაში, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად ჩაიტანონ დოკუმენტაცია სამინისტროში“, - გვითხრა ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ზარდიაშვილმა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახლების პრივატიზებისთვის მოქალაქეებმა თავდაცვის სამინისტროს, საჭირო დოკუმენტებით უნდა მიმართონ. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთან აქამდე გაგზავნილი საბუთებით რეგისტრაცია ვერ მოხდება და ფაქტობრივ მფლობელებს სამინისტროში დოკუმენტების ჩატანა ხელახლა მოუწევთ. ბინების რეგისტრაციის საკითხს კომისია ინდივიდუალურად განიხილავს. უწყებაში ახალციხიდან განაცხადი ჯერ არ შესულა.

„აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს. უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს“, - აცხადებენ უწყებაში.

ახალციხეში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე 230-მდე სახლია. ახალციხის მერიაში საცხოვრებლის დაკანონების მოთხოვნით 214 განაცხადია შესული.

ყველა სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს. ზოგიერთი კორპუსი ავარიულია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამაზე ამბობდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებს რეაბილიტაციას ვერ ჩაუტარებდნენ. სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მათ ქუჩაზე ინფრასტრუქტურა სახლების პრივატიზების შემდეგ მაინც მოწესრიგდება.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |