საზოგადოება
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს
28 წლის წინ, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და მოქალაქეებმა. ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.
ახალციხის მერიამ, ომში დაღუპული 14 ჯარისკაცის ოჯახებს 300ლარიანი დახმარება გადასცა.
ერთწლიანმა ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.


| Print |