საზოგადოება
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ახალციხეში მომხდარ ინცინდენტზე დეზინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელხან ალასგაროვი, ახალციხეში მომხდარი ინცინდენტის შესახებ, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. კავკასიოლოგები ამბობენ, რომ ალასგაროვის პოსტი ხელს უწყობს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

“ახალციხეში სომხების დაჯგუფებამ თურქი მესხების ოჯახზე თავდასხმა განახორციელა“, - ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე ბაქოს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ქსელის bakunetwork.com-ის ხელმძღვანელმა ელხან ალასგაროვმა. ის ფილოსოფიის დოქტორი და ყოფილი დიპლომატია. ალასგაროვი ოთხ აგვისტოს, საბარგო სადგურის დასახლებაში, გვიან ღამით მომხდარ ინცინდენტს, როცა მოქალაქეს მანქანა დაუმტვრიეს, სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს უკავშირებს.

“ახალციხეში სომხების დაჯგუფებამ თურქი მესხების ოჯახზე თავდასხმა განახორციელა. თავდამსხმელებმა იყვირეს ′′თქვენ თურქებო, აზერბაიჯანელებო, საქართველოდან გაეთრიეთ!". დაზარალებულების თქმით, მათი წინაპრები საქართველოდან დეპორტირებულები არიან 1944 წელს სხვა მუსლიმ მესხებთან ერთად. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად აზერბაიჯანში ცხოვრობდა, ყოველთვის უნდოდა სამშობლოში დაბრუნება და 2014 წელს ახალციხეში დასახლდა. თავდასხმის ორგანიზატორი საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებულია. ქალაქ ახალქალაქის სომხებმა მასობრივი არეულობა მოაწყეს“.

ახალციხეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, „მეცხრე არხმა“ რეპორტაჟი იმ დღესვე მოამზადა. არც დაზარალებულებს და არც მეზობლებს მედიასთან არ უთქვამთ, რომ მათი ავტომობილი სომხებმა დააზიანეს ან კონფლიქტი ეთნიკური წარმომავლობის გამო მოხდა.

როგორც დაზარალებულები ყვებიან, რამდენიმე ახალგაზრდამ, გვიან ღამით მათი ავტომობილი დაამტვირა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე).

არიან თუ არა იდენტიფიცირებულები ინცინდენტში მონაწილე პირები, უწყებაში არ ამბობენ. პრესსამსახურში არც იმაზე გვიპასუხეს, იკვეთება თუ არა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების კვალი.

„ეს შიდა საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია“.

ინცინდენტში სომეხი მოქალაქეების მონაწილეობას არც დაზარალებული მხარე ამტკიცებს.

„ვინ ამბობს, რომ სომხები იყვნენ? მე ეგ არ ვიცი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თავდამსხმელები სომხები იყვნენ. 3-5 კაცი იყო, მოვიდნენ, მანქანა დალეწეს და წავიდნენ. ჯერ-ჯერობით პოლიცია არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, - გვითხრა დაზარალებულმა იუნუს გახაროვმა.

ახალციხეში მომხდარ ამ ინცინდენტს არავითარი კავშირი არ აქვს რვა აგვისტოს, ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან, რასაც ელხან ალასგაროვი სოციალური ქსელის თავის გვერდზე 9 აგვისტოს წერს. ის იყენებს არასწორ ტერმინოლოგიას და ასევე, აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ინცინდენტს არ ასახავს, თუმცა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სურათზე აღბეჭდილი დაპირისპირება ახალციხეში მოხდა. ამაზე ერთ-ერთ ფეისბუკ მომხმარებელი ამახვილებს ყურადღებას და კომენტარში წერს: „ფოტო ძველია. ეს ერევანია და ფაშინიანი რევოლუციას აწყობს“.

ელხან ალასგაროვის ფეისბუკ პოსტს 480-მდე გაზიარება და 70-მდე კომენტარი აქვს, უმეტესობა შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველია. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ახალციხეში ინცინდენტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. ამის გარდა, კომენტარებში არაერთ დეზინფორმაციას შეხვდებით.
საქართველოს მთავრობა სომხებისთვის მუშაობს, ხან იარაღს უგზავნის ხან რას და ა.შ.
საჭიროა აზერბაიჯანული სამხედრო ბაზები ახალციხეში განვათავსოთ, საქართველოს მოსახლეობის და ქართული მიწის დაცვის მიზნით.


იმ ფონზე, როცა ორ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა, ახალციხეში მომხდარ ფაქტს არ უნდა იყენებდეს თავისი ინტერესებისთვის - ამბობენ კონფლიქტოლოგები. გოგი მაისურაძე ფიქრობს, რომ მთავარია გაირკვეს, ვინ დგას ამ დეზინფორმაციის უკან.

„სანამ პოლიცია და სასამართლო არ დაადგენს, ვინ დააზიანა გახაროვების ავტომობილი, არავის აქვს უფლება აღნიშნული ინცინდენტი გამოიყენოს სპეკულირებისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ ამ პიროვნებას რუსეთის სპეცსამსახურებისგან ჰქონდეს დავალება, გადმოიტანოს ყურადღება და გააღვივოს კონფლიქტი საქართველოში მცხოვრებ ორ თემს შორის. სხვა ინცინდენტის ფოტოს გამოყენება აპრობირებული მეთოდია რუსეთისთვის. აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი ჟურნალისტები იყენებდნენ სხვა კადრებს და ამბობდნენ, რომ საქართველო ბომბავდა ცხინვალს”.

გოგი მაისურაძე ამბობს, რომ სწორედ ასეთი დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ საქართველოში მუშაობდა ექსპერტთა კლუბი, რომელიც 2008 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში აწარმოებდა ინფორმაციულ ომს ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგ.

„სამ ენაზე ვავრცელებდით ინფორმაციას და დიდ უხერხულობას ვუქმნიდით რუსეთს. კლუბი 2012 წელს დაიხურა“.

ბაქოს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ქსელი (The Baku Network), რომელსაც ელხან ალასგაროვი ხელმძღვანელობს, არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წელს აზერბაიჯანში დაარსდა. ვებ-გვერდზე წერია, რომ ბაქოს ქსელი ახალი ამბების სააგენტო Trend-ის დახმარებით შეიქმნა.

ელხან ალასგაროვი მუშაობს და აქტიურად წერს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, პოლიტოლოგის სტატუსით მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში. 
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |