საზოგადოება
ცერებრული დამბლით დაავადებულ ახალციხელებს ოპერაციას უფასოდ გაუკეთებენ
შშმ პირებს, რომლებსაც ცერებრული დამბლის დიაგნოზი აქვთ, მოძრაობის გაუმჯობესებისთვის ულზიბატის მეთოდით ოპერაციას უსასყიდლოდ გაუკეთებენ. შეთავაზება შშმ პირთა ოჯახის წევრებმა ექიმ სპარტაკ ბაგალიშვილისგან მიიღეს. კლინიკა „ავერსის“ კონსულტანტი საზოგადოებრივი კავშირი “თანადგომა შვლებს“ ბენეფიციარებს ახალციხეში შეხვდა.

კლინიკის წარმომადგენელი სპეციალური საჭიროების მქონე პირთა პრობლემებს გაეცნო. ექიმი მზად არის რამდენიმე ოპერაცია მარნეულში, „ავერსის“ კლინიკის ბავშვთა ფილიალში გააკეთოს. მას ულზიბატის მეთოდით საქართველოში 172, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 12-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული.

შეხვედრას ორგანიზება კავშირი „ თანადგომა შვილებს“ დაფუძნებელმა მაია გაჩეჩილაძემ გაუწია. ორგანიზაცია შშმ პირთა საჭიროებებზე 2016 წლიდან მუშაობს. მაია გაჩეჩილაძის თქმით, 15 სექტემბრიდან, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ოფისში, ოთხი სპეციალისტი 10 ბენეფიციართან მუშაობას იწყებს.


| Print |